English / ქართული / русский /
თეა უდესიანითათია უდესიანიდალი სოლოღაშვილი
აღრიცხვა-ანგარიშგების გამოწვევები ეკონომიკის მდგრადი განვითრებისათვის

ანოტაცია. სტატიაში განხილულია აღრიცხვა-ანგარიშგების წინაშე არსებული გამოწვევა, რომელიც კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების დირექტივის მოთხოვნებიდან გამომდინარეობს.კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგება მიზნად ისახავს მწვანე ეკონომიკის გაძლიერებას, რომლის თანახმად ევროკავშირის წევრი ქვეყნების საწარმოები ვალდებულნი არიან კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგება მოამზადონ შესაბამისი სტანდარტის გამოყენებით. საქართველოს ინტერესი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ დღის წესრიგში აყენებს  აღნიშნული დირექტივის მოთხოვნების გათვალისწინებას შესაბამის საკანონმდებლო და მარეგულირებელ დოკუმენტებში.

საკვანძო სიტყვები: გლობალური მდგრადობა, მდგრადობასთან დაკავშირებული რისკები და შესაძლებლობები, კლიმატთან დაკავშირებით გასამჟღავნებელი ინფორმაცია. 

შესავალი 

მე-20 საუკუნის 60-იანი წლების ბოლოდან კაცობრიობა ახალი გამოწვევის წინაშე დადგა, რაც დაკავშირებული იყო ბუნებრივი რესურსების ამოწურვისა და ბუნების კვლავწარმოების პროცესების დარღვევის პრობლემებთან. აშკარა გახდა, რომ  ეკონომიკური ზრდის არსებული ტემპებისა და  ტექნოლოგიების შენარჩუნების შემთხვევაშიკაცობრიობას კატასტროფა დაემუქრებოდა. სწორედ ამ მიზნით,  გაეროს  წევრი ქვეყნების  ერთობლივი შეთანხმებით,  შემუშავდა კონცეფცია, რომლის თანახმად ეკონომიკის შემდგომი განვითარება უნდა გაგრძელდეს საზოგადოებასა და ბუნებას შორის ნივთიერებათა და ენერგიის რაციონალური გაცვლის გზით.

ამის საფუძველზე ჩამოყალიბება დაიწყო მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური

განვითარების თეორიამ, რომელიც 21-ე საუკუნეში  უფრო აქტუალური გახდა და  მიზნად ისახავს საზოგადოების განვითარების ჰარმონიული, ეკონომიკურ-ეკოლოგიური პროცესების მართვის მოგვარებას. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ამ მიმართულებებით ახალი გზებისა და შესაძლებლობების ძიება. ერთ-ერთ ასეთ მიმართულებას წარმოადგენს აღრიცხვა-ანგარიშგების  შესაძლებლობების პოზიტიური ზეგავლენის გააქტიურება-გაძლიერება ქვეყნის მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მისაღწევად.  დღის  წეს­რიგში დადგა ეკონომიკური სუბიექტების მიერ გლობალური მდგრადობის ანგარიშგების საკითხი.

გლობალური მდგრადობის სტანდარტების საბჭოს (GSSB) მიერ შემუშავებულია  2023-2025 წლების სამუშაო პროგრამა, ევროკავშირის მიერ კი — კორპორაციული  მდგრადობის ანგარიშგების დირექტივა (CSRD).

*  *  *

ეკონომიკური მდგრადი განვითარების თანამედროვე ტენდენციები  სულ უფრო და უფრო გლობალურ ხასიათს ღებულობს, ამ პროცესში რეალურად ერთვება მეტი და მეტი სახელმწიფო. მსოფლიო ორგანიზაციების გადაწყვეტილებები ამ მიმართულებით ნებაყოფილებით სავალდებულო ხდება ყველა ქვეყნისათვის.

მდგრადი განვითარების თანამედროვე ტენდენციებიდან ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ეკონომიკური სუბიექტების მიერ მდგრადი განვითარების პრობლემათა აღიარება, რაც განპირობებულია პირადი ინტერესებით და სახელმწიფოს ეკოლოგიური პოლიტიკით. 

გლობალური მდგრადობის სტანდარტების საბჭოს (GSSB) მიერ შემუშავდა 2023-2025 წლების სამუშაო პროგრამა,  ევროკავშირის მიერ კი — კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების დირექტივა (CSRD), რომელიც 2023 წლის 5 იანვრიდან შევიდა ძალაში  ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. აღნიშნულმა დირექტივამ აქამდე არსებული არაფინანსური ანგარიშგების დირექტივა ჩაანაცვლა განახლებული რედაქციითა და მოთხოვნებით. საწარმოებისთვის კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების მომზადება შესაბამისი სტანდარტის გამოყენებით სავალდებულო გახდება 2024 წლის საანგარიშგებო პერიოდისთვის, რომელსაც ადგილობრივ უწყებებს წარუდგენენ 2025 წლიდან. 

როგორც ცნობილია, ახალი მოთხოვნები შეეხება ევროკავშირის მასშტაბით არსებულ 50 000-მდე საწარმოს. კერძოდ კი, CSRD-ის თანახმად, იმ კომპანიებმა, თუ ისინი:

1. წარმოადგენენ ევროკავშირის „დიდ“ საწარმოებს და სდპ-ებს (მათ შორის, ბანკებს, სადაზღვეო კომპანიებს, ანგარიშვალდებულ საწარმოებს, რომელთა ფასიანი ქაღალდები საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებულია, და ადგილობრივი უწყებების მიერ სდპ-ად განსაზღვრულ საწარმოებს);

2. არიან ევროკავშირის რეგულირებად ბაზარზე კოტირებული მცირე და საშუალო ზომის საწარმოები (SMEs)  (გარდა მიკროსაწარმოებისა);

3. ან არიან ევროკავშირის არაწევრი საწარმოები, თუმცა ევროკავშირის ფარგლებში ფლობენ ფილიალს ან შვილობილ კომპანიას.

კომპანიებს, რომლებზეც დირექტივა ვრცელდება, მოეთხოვებათ ინფორმაციის გამჟღავნება იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს მათ წინაშე არსებულ რისკებსა და გამოწვევებზე გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხები. გარდა ამისა, მათ ასევე უნდა გაამჟღავნონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ  რა ზეგავლენას ახდენს ბიზნესმო­დელი ადამიანებსა და გარემოზე. 

ახალი დირექტივის მიხედვით, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების მომზადება სავალდებულო გახდება შესაბამისი სტანდარტის გამოყენებით. სწორედ ამიტომ, მდგრადი განვითარების საერთაშორისო სტანდარტების საბჭომ (ISSB) კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების ორი საერთაშორისო სტანდარტი შეიმუშავა და  განსახილველად გამოსცა 2022 წელს, ხოლო განხილვის შემდგომ  2023 წლის ივნისში გამოსცა თავისი პირველი ორი IFRS® მდგრადობის გამჟღავნების სტანდარტი:

  • ფასს მ1 (IFRS S1 ), კორპორაციული მდგრადი განვითარების შესახებ ფინანსური ინფორმაციის გამჟღავნების საერთო მოთხოვნები; 
  •  ფასს მ2 (IFRS S2), კლიმატთან დაკავშირებით გასამჟღავნებელი ინფორმაცია.
    ფასს მ1-ის მიზანია მოეთხოვოს კომპანიებს გაამჟღავნოს ინფორმაცია მისი მდგრადობასთან დაკავშირებული რისკებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომელიც სასარგებლოა ზოგადი დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლებისთვის საწარმოსთვის რესურსების მიწოდებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას.

ფასს მ1 მოითხოვს კომპანიებისაგან, გაამჟღავნოს ინფორმაცია მდგრადობასთან დაკავშირებული ყველა რისკისა და შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც გონივრულად მოსალოდნელია, რომ გავლენას მოახდენს ერთეულის ფულადი სახსრების ნაკადებზე, მის ხელმისაწვდომობაზე, დაფინანსებაზე ან კაპიტალის ღირებულებაზე მოკლე, საშუალო ან გრძელვადიან პერსპექტივაში.

ფასს მ1 განსაზღვრავს, თუ როგორ ამზადებს და აცნობებს ეკონომიკური სუბიექტი მდგრადობასთან დაკავშირებულ ფინანსურ ინფორმაციას. იგი აყალიბებს ზოგად მოთხოვნებს ამ ინფორმაციის შინაარსისა და პრეზენტაციისთვის, რათა გამჟღავნებული ინფორმაცია სასარგებლო იყოს მომხმარებლებისთვის ერთეულისთვის რესურსების მიწოდებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას.

ფასს მ1 ადგენს მოთხოვნებს საწარმოს მდგრადობასთან დაკავშირებული რისკების, შესაძლებლობებისა და ინფორმაციის გამჟღავნების შესახებ. კერძოდ, კომპანიებს მოეთხოვება წარმოადგინოს  ინფორმაცია, რომელიც ფინანსური ანგარიშების მომხმარებელს საშუალებას აძლევს გაიგოს:

  • მმართველობითი პროცესები, კონტროლი და პროცედურები, რომლებსაც კომპანია იყენებს მდგრადობასთან დაკავშირებული რისკებისა და შესაძლებლობების მონიტორინგის, მართვისა და ზედამხედველობის მიზნით;
  • კომპანიის სტრატეგია მდგრადობასთან დაკავშირებული რისკებისა და შესაძლებლობების მართვისთვის;
  • პროცესებს, რომლებსაც კომპანია იყენებს მდგრადობასთან დაკავშირებული რისკებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირებისთვის, შესაფასებლად, პრიორიტეტიზაციისა და მონიტორინგისთვის; 
  • კომპანიის საქმიანობა მდგრადობასთან დაკავშირებულ რისკებთან და შესაძლებლობებთან დაკავშირებით, მათ შორის პროგრესი ნებისმიერი მიზნისკენ, რომელიც სუბიექტმა დააწესა ან უნდა დაიცვას კანონით ან რეგულაციებით.

აღნიშნული სტანდარტების მეშვეობით, ინვესტორებს კომპანიის ღირებულების შეფასებისთვის საჭირო, უფრო სრულყოფილი, სანდო და შესადარისი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნებათ, ხოლო ბიზნეს მოდელის შეფასებისა და განვითარებისთვის ისინი უფრო ყოვლისმომცველ სურათს მიიღებენ.

ფასს მ2-ის მიზანია მოსთხოვოს კომპანიებს, გაამჟღავნონ ინფორმაცია კლიმატთან დაკავშირებული რისკებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომელიც სასარგებლოა ზოგადი დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლებისთვის საწარმოზე რესურსების მიწოდებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას.

ფასს მ2 — კლიმატთან დაკავშირებით გასამჟღავნებელი ინფორმაცია, მოითხოვს ეკონომიკური სუბიექტისგან, გაამჟღავნოს ინფორმაცია კლიმატთან დაკავშირებული რისკებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც გონივრულად მოსალოდნელია, რომ გავლენას მოახდენს ერთეულის ფულადი სახსრების ნაკადებზე, მის  ხელმისაწვდომობას ფინანსებზე ან კაპიტალის ღირებულებაზე მოკლე, საშუალო ან გრძელვადიან პერსპექტივაში.

ამრიგად, იგი კომპანიას ავალდებულებს, ინფორმაციის გამჟღავნებისას ყურადღება გაამახვილოს საწარმოს მართვაზე, მის სტრატეგიასა და რისკების მართვაზე, ასევე იმ მაჩვენებლებსა და მიზნებზე, რომლებსაც იგი იყენებს კლიმატთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რისკებისა და შესაძლებლობების შესაფასებლად, მონიტორინგის განსახორციელებლად და სამართავად. შემოთავაზებული სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომლის მიხედვით კომპანიებმა უნდა გაამჟღავნონ ინფორმაცია კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული ფიზიკური და გადასვლის რისკებისა და შესაძლებლობების შესახებ.

ფიზიკური რისკები —მწვავე ფიზიკური რისკები შეიძლება მოიცავდეს ისეთ ბუნებრივ კატაკლიზმებს, როგორიცაა, მაგალითად, ციკლონები და წყალდიდობები, რომლებიც კომპანიის აქტივებს რისკის ქვეშ აყენებს ან არღვევს მისი მიწოდების ჯაჭვს (მაგალითად

„ზუსტ ვადაში“ მიწოდების პროცესის დარღვევა). ქრონიკულ ფიზიკურ რისკებს განეკუთვნება ზღვის დონის ან საშუალო ტემპერატურის მატება. კლიმატის ამგვარმა ცვლილებებმა შეიძლება გავლენა იქონიოს კომპანიის სტრატეგიაზე, მაგალითად, კომპანიას შეიძლება დასჭირდეს საწარმოო ობიექტების ადგილმდებარეობის შეცვლის საკითხის განხილვა.

გადასვლის რისკები — რისკები, რომლებიც დაკავშირებულია დაბალნახშირბადიან ეკონომიკაზე კომპანიის გადასვლასთან. გადასვლის რისკებს განეკუთვნება პოლიტი­კური ან სამართლებრივი, საბაზრო, ტექნოლოგიური და რეპუტაციის რისკები. საბაზრო რისკის მაგალითია შემცირებული მოთხოვნა ნახშირბადის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებზე. სამართლებრივი რისკი არის მარეგულირებელი ქმედება, რომელიც კომპანიის პროდუქტების გაყიდვას კრძალავს, მაგალითად, გაზის წყლის გამაცხელებლების ან დიზელის საწვავზე მომუშავე ავტომობილების. ტექნოლოგიური რისკი ან შესაძლებლობა შეიძლება იყოს დიზელის საწვავზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების შემცვლელები, უფრო დაბალი დონის გამონაბოლქვის მქონე ტრანსპორტით.

ფასს მ2-ის თანახმად კომპანიებს მოეთხოვებთა წარმოადგინონ  ინფორმაცია, რომელიც ფინანსური ანგარიშების მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გაიგონ:

ა. მმართველობითი პროცესები, კონტროლი და პროცედურები, რომლებსაც ეკონომიკური სუბიექტი იყენებს კლიმატთან დაკავშირებული რისკებისა და შესაძლებლობების მონიტორინგის, მართვისა და ზედამხედველობის მიზნით;

ბ. ეკონომიკური სუბიექტის სტრატეგია კლიმატთან დაკავშირებული რისკებისა და შესაძლებლობების მართვისთვის;

გ. პროცესებს, რომლებსაც ეკონომიკური სუბიექტი იყენებს კლიმატთან დაკავშირებული რისკებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირებისთვის, შეფასებისთვის, პრიორიტეტიზა­ციისა და მონიტორინგისთვის, მათ შორის არის თუ არა და როგორ არის ეს პროცესები ინტეგრირებული და აცნობებს ორგანიზაციის რისკების მართვის მთლიან პროცესს;

დ. სუბიექტის შესრულება კლიმატთან დაკავშირებულ რისკებთან და შესაძლებლობებთან მიმართებით, მათ შორის პროგრესი კლიმატთან დაკავ­ში­რებული ნებისმიერი დასახული მიზნისკენ და ნებისმიერი მიზანი, რომელთა შესრულებაც კანონით ან რეგულაციებით არის მოთხოვნილი.

ევროკავშირთან ასოცირებისხელ შეკრულება ითვალისწინებს საქართველოს ჩართულობის ზრდას ეევროკავშირის სტრატეგიებში, პროგრამებსა და ორგანიზაციებში; ასოცირების შეთანხმების თანახმად, მხარეები თავიანთ ურთიერთობებს ააგებენ და გააძლიერებენ მდგრადი განვითარებისა და მწვანე ეკონომიკის გრძელვადიანი მიზნების გათვალისწინებით.

ამდენად, გლობალური ბიზნესის გამოწვევები პირდაპირ უკავშირდება ბუღალტრული  აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოებისა და წარდგენის წინაშე არსებულ გლობალურ გამოწვევებს, რაც ამ ეტაპზე  ევროკავშირის კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების დირექტივის მიღებით არის  გამოწვეული. 

გამოყენებული ლიტერატურა

1. აბესაძე რამაზ. მდგრადი განვითარების თანამედროვე გლობალური ტენდენციები და პრობლემები. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი. საერთაშორისო სამეცნიერო ინტერნეტ-კონფერენციის მასალების კრებული. 2017 წ.
2. ასოცირების შესახებ შეთანხმება, ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს, ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის. 27.06.2014 წ. იხ. https://matsne.gov.ge/ka/document/view/2496959?publication=0 
3. კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების სტანდარტი. იხ. https://saras.gov.ge/ka/News/GetNewsImage/2576
4. მდგრადი განვითარება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. იხ. https://www.economy.ge/?page=ecopolitic&s=43
5. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია „საქართველო 2020“; იხ. https://www.gov.ge/files/382_42949_233871_400-1.pdf 
6. IFRS S1 General Requirements for Disclosure of Sustainability-related Financial Information. https://www.ifrs. org/issued-standards /ifrs-sustainability- standards-navigator/ifrs-s1-general-requirements/ 
7. Corporate sustainability reporting- იხ. https://finance.ec.europa.eu/ capital-markets-union-and-financial-markets/company-reporting-and- auditing/company-reporting/corporate- sustainability-reporting_en